logo
ENG



კობახიძის თქმით, აშშ-ის საელჩოს განცხადება სააკაშვილის ლობირებაზე "საკმარისი არ არის"

27 ივლ 202323:40
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძის თქმით, აშშ-ის საელჩოს განცხადება სააკაშვილის ლობირებაზე "საკმარისი არ არის"

ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, აშშ-ის საელჩოს განცხადება, რომ საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში, "არ არის საკმარისი" და "საზოგადოებას სერიოზული კითხვები რჩება".

ამის შესახებ კობახიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ლობისტურ საქმიანობაში ჩართული იყო კონკრეტული კომპანია, თუმცა კითხვა რომელსაც კობახიძის აზრით აშშ-ის საელჩო არ პასუხობს, ეხება მათი კონკრეტული თანამშრომლის მონაწილეობას "FARA-ში ნახსენებ საქმიანობაში".

"[საელჩოს] ეს პასუხი არ არის საკმარისი. რა თქმა უნდა, ლობიზმში, ზუსტად რომ გავიხსენოთ მათი ფრაზა, ასე ეწერა, რომ ლობისტურ საქმიანობაში საელჩო და მისი თანამშრომლები არ იყვნენ ჩართული და ეს სხვა რამეს ნიშნავს. რა თქმა უნდა, ლობისტურ საქმიანობაში ჩართული იყო კონკრეტული კომპანია აკერმანი, მაგრამ აქ სხვა კითხვა არის, რატომ არ პასუხობენ ამ კითხავს, საელჩოს კონკრეტული თანამშრომელი იყო თუ არა ჩართული იმ საქმიანობაში რომელიც არის ნახსენები FARA-ში? ამაზე პასუხი არ გასცა არც საელჩომ და ამაზე პასუხი არ გასცა არც საქართველოს პრეზიდენტმა. და, რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე საზოგადოებას რჩება სერიოზული კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი როლი ჰქონდა საელჩოს კონკრეტულ თანამშრომელს ამ საქმეში" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ლობისტურ საქმიანობაში არმონაწილეობა ნიშნავს იმას, „რომ კომპანია აკერმანი არ არის ამერიკის საელჩო“, მაგრამ კობახიძის აზრით, პასუხგაუცემელია კითხვა, იყო თუ არა საელჩოს თანამშრომელი ჩართული „იმ ქმედებაში, რომელიც ლობისტური საქმიანობს ქვეშ მოიაზრებოდა“.

ოცნების თავმჯდომარის თქმით, აშშ-ის საელჩოს მხრიდან "უხეში" იყო განცხადება, რომ "ტყუილი გაავრცელეს ტელეკომპანიებმა" და ხელისუფლების წევრებმა. კობახიძის თქმით, მმართველი გუნდისთვის ეს "შეურაცხმყოფელია", რადგან "არანაირი ტყუილი" მათ არ უთქვამთ. 

ამ კონტექსტში კობახიძემ ისაუბრა საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ რუსულ კანონზე, რომელზეც ქართული ოცნება ირწმუნებოდა რომ ამერიკული კანონის "შერბილებული ვერსია იყო" და რომელიც მასშტაბური სამოქალაქო პროტესტისა და საერთაშორისო წნეხის შემდეგ ოცნებამ ჩააგდო.

კობახიძე "გულისტკივილით იხსენებს", რომ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონზე "აშშ-ის საელჩოს კონკრეტული წარმომადგენლები თავად ამბობდნენ ტყუილს", რომ პირადად კობახიძე და ქართული ოცნება რუსულ კანონს იღებდა. მისი თქმით, მათ შორის, საელჩოს წარმომადგენლებმა „რუსული კანონი დაარქვეს ამერიკული კანონის ბევრად უფრო რბილ ვერსიას“.

"მადლობა ამერიკის სახელმწიფოს იმისთვის რომ იქ მოქმედებს "რუსული კანონი". რომ არ ყოფილიყო დღეს "რუსული კანონი" ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ იქნებოდა ის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ნაცმოძრაობის მიერ ჩადენილ ღალატს, ისინი ითხოვდნენ საკუთარი ქვეყნის დასჯას." - განაცხადა კობახიძემ.

26 ივლისს აშშ-ის საელჩო საქართველოში გამოეხმაურა სამთავრობო მედიების მიერ ლობიზმთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას და განაცხადა, რომ საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში.

საელჩო ამ ინფორმაციას "მავნებლურს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეშფოთება გამოითქვა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის ვედანტ პატელის თქმით, საქართველოში აშშ-ის საელჩო არასდროს ჩართულა მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში.


close დახურვა